თითქმის ხუთთვიანი პაუზის შემდეგ ციხიდან ისევ სამოქალაქო კლინიკაში – მიხეილ სააკაშვილი უკვე „ვივამედშია“.
ექს-პრეზიდენტმა იუსტიციის სამინისტროს შეთავაზება მიიღო, მკურნალობის სანაცვლოდ მანამდე დაყენებული პირობები კი შეარბილა. ჯერ უცნობია, რა პერიოდს მოიცავს მკურნალობის პროცესი. ბრეგაძის უწყებამ პატიმარს სამკურნალო დაწესებულებაში დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება და შესაძლო გართულებების რისკის დასაზღვევად საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შესთავაზა. სააკაშვილის ოჯახი და გუნდი ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან, თუმცა კლინიკაში გადაყვანა მათთვის მხოლოდ დროებითი ამოცანაა. საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ იხსნება იმ არგუმენტით, რომ სრულფასოვანი განკურნება საქართველოში შეუძლებელია.
ეს ჰოსპიტალიზაციის პირველი შემთხვევა არ არის. ოქტომბრის მერე მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის გარშემო ვნებათაღელვა და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები არ წყდება. პროცესის პოლიტიკისგან გასამიჯნავად პოლიტიკური სპექტრის ნაწილი ფართო კონსილიუმის მოწვევას ითხოვს.