მაშინ, როდესაც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის პროცესზე მუშაობს, მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი ისევ „შავ სიას“ ადგენს.
მიხეილ სააკაშვილი პროცესში ჩართულობისკენ სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდებს და აცხადებს, რომ ის რაც ქვეყანაში ხდება დაუსჯელობის სინდრომის შედეგია. ყოფილი პრეზიდენტის აზრით, „შავ სიაში“ ის მოსამართლეები, პროკურორები და თანამდებობის პირები უნდა შევიდნენ, ვინც საქართველო გაძარცვა. მოქალაქეები კი მათ ქუჩაში უნდა სცნობდნენ და შესაბამისი რეაგირება ჰქონდეთ. „შავი სია“ იმ ეკონომიკური გეგმის ერთ-ერთი პუნქტი იქნება, რომელზეც მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა საკანში მუშაობა უკვე დაიწყო. პარალელურად მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ორი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ერთმა კომისიამ კონკრეტულად მის საქმეზე უნდა იმუშაოს, მეორე კომისიამ კი როგორც ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, ელექტროენერგიის გაძვირების მიზეზი უნდა დაადგინოს. სააკაშვილი კითხვით მიმართავს გიორგი გახარიას ფრაქციას – შემოუერთდებიან თუ არა საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას.