სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შიდა პოლიტიკური ვნებათაღელვის მიზეზია.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე მიხეილ სააკაშვილის საჩივარი წარმოებაში მიიღო. ეს ნიშნავს, რომ დაიწყება საქმის არსებითი განხილვა, რასაც ყოფილი პრეზიდენტი და მისი ინტერესების დამცველები უკვე წარმატებად მიიჩნევენ და ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ საჩივრის არ მიღებაზე ხელისუფლების არგუმენტები სტრასბურგმა არ გაითვალისწინა. ექს-პრეზიდენტი ორივე საქმეს პოლიტიკურ დევნად აცხადებს და ხელისუფლებას ევროპული კონვენციის სამი მუხლის დარღვევას ედავება. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ერთ საჩივარში გაერთიანებულ ორივე გახმაურებულ საქმეზე ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლის დარღვევა არ დადასტურდება და ქართული სასამართლოების მიერ უკვე მიღებული განაჩენების კანონიერება დადასტურდება. მმართველი გუნდი სტრასბურგში დამატებითი მტკიცებულებების გაგზავნას გეგმავს.