სააკაშვილი ოპოზიციისგან ხელისუფლების „გადაგდებას“ მოითხოვს

მთავრობის ჩამოგდება, მასობრივი აქციები და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, – ეს არის დავალება, რომელიც სასამართლო დარბაზიდან მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას და მხარდამჭერებს მისცა. 7 ნოემბრის აქციის და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის გახმაურებულ საქმეზე გამართული დღევანდელი სასამართლო პროცესი ყოფილმა პრეზიდენტმა კვლავ პოლიტიკური განცხადებებისა და მოწოდებებისთვის გამოიყენა. ექს-პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებს „პარლამენტარობანას თამაშის“ დასრულებისკენ და ქუჩისკენ მოუწოდა. დარბაზში ვითარება არაერთხელ გამწვავდა. სააკაშვილმა შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მიმართა მოსამართლეს და პროკურორს. გამოსვლის დროს ყოფილმა პრეზიდენტმა პარალელები უკრაინაში მიმდინარე ომსა და 7 ნოემბრის მოვლენებს შორისაც გაავლო, ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომზეც და საკუთარ თავს კიდევ ერთხელ უწოდა პუტინის ტყვე.

არ არის გამორიცხული, რომ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მოწოდებები პროკურატურის შესწავლის საგანი გახდეს.