გუშინდელი თანხმობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი წამლების მიღებაზე და ექიმების მომსახურებაზე ისევ უარს ამბობს.
დღეს ციხიდან ყოფილი პრეზიდენტის ორი ახალი წერილი გავრცელდა. მაქსიმალური მობილიზება ხვალინდელი არჩევნებისთვის და კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ უბნებთან ხმების დაცვა – ასეთია მთავარი გზავნილი. ექს-პრეზიდენტი მხარდამჭერებს ეუბნება, რომ მისი სიცოცხლე სწორედ მეორე ტურის შედეგებზეა დამოკიდებული. ლიდერის გათავისუფლების გზა ხვალინდელ არჩევნებზე გადის „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“, რომელიც მოშიმშილე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას დღის წესრიგიდან არ ხსნის. ამ საკითხზე უცვლელი პოზიცია აქვს მმართველ გუნდს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ოპონენტები ყოფილი პრეზიდენტის შიმშილობის თემას და სამოქალაქო კლინიკის მოთხოვნას არეულობისთვის და ვითარების ხელოვნურად გამწვავებისთვის იყენებენ. განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა პრემიერის განცხადება, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა სააკაშვილის მიმართ თვითმკვლელობისკენ მოწოდებად შეაფასა.