მშვიდობა ომის პირისპირ, ცრუ თავისუფლება და პოლარიზაცია მოსახლეობაში – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეში ისაუბრა. ილია მეორის თქმით, „დღეს ზნეობრიობის უგუველყოფით ყველაფრის უფლების დამკვიდრება ხდება. ამიტომაც დღეს მოსახლეობა თავისუფლების, სიყვარულის, ადამიანის ღირსების შესახებ რადიკალურად განსხვავებული მნიშვნელობით საუბრობს. პატრიარქი განმარტავს, რომ ქვეყანაზე ზრუნვის მოტივით, საქართველოში კატეგორიული აზროვნება და აგრესიული მეტყველება მკვიდრდება, რაც მოსახლეობაში მკვეთრ პოლარიზაციას იწვევს“. ილია მეორემ მრევლს შეახსენა, რომ „თავისუფლება ადამიანმა შეიძლება დაკარგოს ძალმომრეობით, მაგრამ ასევე შესაძლოა, ის ცრუ თავისუფლების სახელით დაკარგოს და სულიერ მონობაში აღმოჩნდეს“. პატრიარქის ეპისტოლე მრევლს არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა გააცნო.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზე პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში ყურადღებაა გამახვილებული, ბირთვული კატასტროფის საფრთხეებს ეხება. ილია მეორე წერს, რომ „ჩვენ ახლა რთულ პერიოდში, ფეთქებადსაშიშ დროში ვცხოვრობთ და ბირთვული კატასტროფის საფრთხეც რეალურია. ამიტომ დღეს ყველა ღვთის იმ ძღვენზე იფიქროს, რასაც მშვიდობა ჰქვია“. თუმცა პატრიარქის თქმით, მხოლოდ „ფიქრი არ არის საკმარისი და ყველა ადამიანი ვალდებულია სიტყვით, საქმით და მოქმედებით მშვიდობისკენ ისწრაფვის“. ილია მეორე განმარტავს, რომ საკუთარი დანიშნულების გაცნობიერება, მხოლოდ მშვიდობიან დროს არის შესაძლებელი.