"რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საპატრიარქო კიდევ ერთ განმარტებას ავრცელებს
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით, საპატრიარქო კიდევ ერთ განმარტებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეკლესიასთან დაპირისპირებული ძალები 17 მაისის შემდეგ, რევანშისტულ ქმედებებს განაგრძობენ, რაც მკვეთრად აისახება “რუსთავი 2”-ზე.
განცხადებაში წერია: “საპატრიარქომ წერილობით მიმართა ტელევიზიის ხელმძღვანელს, რეაგირება მოეხდინა სიცრუის ტირაჟირების გამო. სამწუხაროდ, იმავე საღამოს პასუხად მივიღეთ ღვთის მგმობი ახალი გადაცემა. ამ ქმედებების სულისკვეთება ერთია, – სურთ ჩვენი საზოგადოება წარმოაჩინონ თავისუფალი აზროვნების მოწინააღმდეგედ; ხოლო ჩვენი ეკლესია, – პრორუსულ ძალად. ვფიქრობთ, მათ არ ესმით, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია და იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკასთან დაკავშირებული, არც პრორუსულთან და არც – პროდასავლურთან.”
საპატრიარქო მოუწოდებს სამღვდელოებას, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა “რუსთავი 2”-თან და არ მიიღონ მათ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, არ აჰყვეს პროვოკაციას და მთავრობას კი მიმართავს, შესაბამისი ზომების მიიღოს უმართავი პროცესების თავიდან ასაცილებლად. რეაგირების მოწოდებით, საპატრიარქო მიმართავს, ასევე, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც.
“მოამბემ” კომენტარი სთხოვა “რუსთავი 2”-ის დირექტორს ნიკა გვარამიას და გადაცემის წამყვანს გიორგი გაბუნიას, თუმცა, ამ დრომდე ისინი კონტაქტზე არ გამოსულან.