თბილისში დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა. „რუსთაველის ქვეყანა“ დოკუმენტალისტის, ზურაბ ინაშვილის ბოლო პროექტია, რომელიც მისმა შვილმა, ერეკლე ინაშვილმა მამის გარდაცვალების შემდეგ დაასრულა. ფილმი საქართველო-გერმანიის კინოპროდუქტია და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. მთავარი გმირი გერმანელი ლინგვისტია, რომელიც საქართველოს გასაცნობად ჩამოდის და შეისწავლის, როგორ ცოცხლობს „ვეფხისტყაოსანი“ თანამედროვეობაში. კინოსურათი ერეკლე ინაშვილის სადებიუტო ნამუშევარია.