„ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული სახალხო შეკრება რუსთაველის გამზირზე რამდენიმე საათს გაგრძელდა. პარლამენტის შენობასთან შეკრებილებს სიტყვით მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მიმართა. მისი განცხადებით, 2030 წელს საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო გამოკვეთილი ლიდერია. მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს სუვერენიტეტს დღეს ებრძვიან, როგორც გარედან ასევე შიგნიდან. ივანიშვილმა წინა ხელისუფლების მმართველობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ მას შემდეგ, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადენილი დანაშაულებისთვის მკაცრად აგებს პასუხს.
შეკრების დროს მოქალაქეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერმაც.