პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციაზე უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ძალების გარდა, სტუდენტები, მედიაორგანიზაციები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ადგილზე შეკრებილები პარლამენტისგან „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტების უკან გაწვევას მოითხოვდნენ, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების დაფინანსების გასაჯაროების ვალდებულებას და მათ უცხოური გავლენის რეესტრში დარეგისტრირებას გულისხმობს. მოთხოვნებს შორის იყო ფართომასშტაბიანი პროტესტის პირველ დღეს დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებაც.
ოპოზიცია პროტესტის უწყვეტად გაგრძელებას გეგმავს. დღეს 11 საათზე იგეგმება ოპოზიციური პარტიების და სტუდენტების ბრიფინგი, რომელიც საერთო სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის დაწყებას შეეხება.
სამოქალაქო სექტორის გაჩუმების მცდელობა, ევროპული კურსიდან გადახვევა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შანსის საბოლოოდ დაკარგვა – ასე ფასდება აქციის მონაწილეების მხრიდან „ხალხის ძალის“ ორივე ინიციატივა, რომელთაგან ერთი კანონპროექტი პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით და მწვავე პროტესტის ფონზე მიიღო.
რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკოსები აფასებენ.