მძიმე ღამის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გახსნილია. პარლამენტის წინ ტერიტორიას შესაბამისი სამსახურები ასუფთავებენ. საპროტესტო აქცია, რომელიც გუშინ 19 საათზე დაიწყო და დილის 7 საათამდე გაგრძელდა, დაახლოებით სამი საათის წინ დასრულდა. დაზიანებული ინფრასტრუქტურა, დამწვარი და დამტვრეული მანქანები, ელექტრო ველოსიპედები, სკამები, რკინის კონსტრუქციები და ამოყირავებული მაგიდები – ასე გამოიყურება რუსთაველის გამზირი განვითარებული მოვლენების შემდეგ. დასუფთავების სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. დაზიანებული ავტომანქანები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს ევაკუატორის დახმარებით. მანამდე კი გამთენიისას, სამართალდამცველებმა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის ის მონაწილეები დააკავეს, რომლებიც ჯერ კიდევ გადაადგილდებოდნენ ცენტრალურ გამზირზე. დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი საათის წინ გაავრცელა.