"რუსთაველები იმსახურებენ უკეთეს ტრანსპორტს" - რუსთვის მოსახლეობამ აქცია გამართა
“რუსთაველები იმსახურებენ უკეთეს ტრანსპორტს”, “არა მონოპოლიას” – ასეთი შინაარსის ტრანსფარანტებით დღეს ქალაქის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ისინი რუსთავის ცენტრში, ერთ-ერთ გაჩერებასთან შეიკრიბნენ და პროტესტი ასე გამოხატეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რუსთავი-თბილისის მიმართულებით გადაადგილება ძალიან გართულდა. არ დადის საჭირო რაოდენობის სამარშუტო ტაქსი და არ არის შესაბამისი მომსახურება, რის გამოც, ყოველდღიურად დედაქალაქში სამსახურში და სასწავლებლებში მიმავალ მოქალაქეებს სერიოზული პრობლემები ექმნებათ.
რა მდგომარეობაა ხაზებზე, ამის გარკვევა “მოამბემ” სცადა და მცირე ექსპერიმენტი ჩაატარა – ჩვენმა ჟურნალისტმა სამუშაო დღეს თავად იმგზავრა რუსთავიდან მიკროავტობუსით და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ თბილისში ჩამოსვლაში ორ საათზე მეტი დახარჯა.