71 ადამიანის, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსეთში მომხდარ ავიაკატასტროფას.
სარატოვის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან ორსკის მიმართულებით მიფრინავდა, ჩამოვარდა. ავიალაინერი ჯერ რადარებიდან გაქრა და ეკიპაჟთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. მოგვიანებით კი კატასტროფის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა.
თვითმფრინავში 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ორსკში მიმავალი ლაინერი პოდმოსკოვიეში ჩამოვარდა. საგანგებო სამსახურების წარმომადგენლები კატასტროფის ადგილზე მუშაობენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაშველებს ცუდი მეტეოროლოგიური პირობები დახვდათ. ჩამოვარდნის ადგილთან ახლაც გადაუღებლად თოვს და ტემპერატურა -5 გრადუსია. გამოძიება უკვე დაიწყო. კატასტროფის ადგილზე გაემგზავრნენ რუსეთის საგანგებო სამსახურების და ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები.