საერთაშორისო სანქციების პასუხად რუსეთი გაზმომარაგების პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენების სტრატეგიას კიდევ ერთხელ მიმართავს. დღეიდან მოსკოვი ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდებას ისტორიულ მინიმუმამდე უმცირებს. „გაზპრომი“ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენს პროფილაქტიკის მიზნით 10 დღით კეტავს. ევროპის ქვეყნები შარშანდელზე უფრო მწვავე ენერგეტიკულ კრიზისს პროგნოზირებენ. შექმნილი კრიზისული ვითარების ფონზე ევროკავშირი საგანგებო ზომებს იღებს და სპეციალურ გეგმაზე მუშაობს, რომელსაც უახლოეს მომავალში წარადგენენ. ევროპის მთავარი ამოცანა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირება, ალტერნატიული წყაროების სასწრაფოდ მოძიება და რუსული გაზის დეფიციტის შემთხვევაში შემცირებული ენერგორესურსების სწორად გადანაწილებაა.