მუქარის შემცველი განცხადებები უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების მობილიზების ფონზე: მოსკოვი დასავლეთის წინააღმდეგ რიტორიკას კიდევ უფრო ამკაცრებს.
კრემლი განსაკუთრებით ნატოს გენერალური მდივნის იმ განცხადებითაა გაღიზიანებული, რომელიც საკუთარი ულტიმატუმის საპასუხოდ მიიღო. მოსკოვიდან სტოლტენბერგს სხვა სამსახურის მოძებნაც კი ურჩიეს. პუტინის და ბაიდენის თანაშემწეების სატელეფონო საუბრის შემდეგ მთელი მსოფლიო ახლა ორ ქვეყანას შორის დიალოგს ელოდება, რომელიც, როგორც დღეს დაანონსდა, იანვრის დასაწყისში უნდა გაიმართოს. ვაშინგტონი მოლაპარაკებებში ნატოელი პარტნიორების ჩართვასაც ითხოვს. შეთანხმების პერსპექტივა ბუნდოვანია, რადგან ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების გამოსარიცხად იურიდიული გარანტიების მიღება, ბუქარესტის გადაწყვეტილებაზე უარი და ყველა ის მოთხოვნა, რომელიც მოსკოვმა ბრიუსელს და ვაშინგტონს წერილობით გაუგზავნა, ადრესატებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. კრემლიდან დღეს დასავლეთს პირდაპირ უთხრეს, რომ სწორედ ამერიკა-ევროპის საპასუხო ქმედებებზეა დამოკიდებული, მიმართავს თუ არა რუსეთი სამხედრო კონფრონტაციის გზას.