ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე უკრაინისთვის და დილიდან საჰაერო განგაშის სიგნალი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე: დაიბომბა კიევი, ლვოვი, ჟიტომირი, ხმელნიცკი და კიდევ რამდენიმე ქალაქი. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. მხოლოდ დედაქალაქში 10-მდე ადამიანია დაღუპული. მასშტაბური სარაკეტო დარტყმების მთავარი სამიზნე საცხოვრებელი დასახლებები გახდა. მასირებული შეტევის შედეგად დაშავებულია ათეულობით მოქალაქე, განადგურებული ან დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. მთავარი მოთხოვნაა, რომ საჰაერო თავდასხმების ყოველწუთიერი საფრთხის გამო ადამიანებმა თავშესაფრები არ დატოვონ. ეს არის პასუხი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე, რასაც პუტინმა უკრაინის სპეც-სამსახურების მიერ მოწყობილი ტერორისტული აქტი უწოდა. რუსეთის პრეზიდენტი კიდევ უფრო მასშტაბური და მკაცრი ზომების მიღებით იმუქრება. საერთო ჯამში რუსეთიდან უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა გაუშვეს.