დაბომბილი სამშობიარო, სამი დაღუპული, 20-მდე დაჭრილი – მსოფლიო უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან გავრცელებულმა ფოტოებმა შეძრა.
სწორედ მარიუპოლი, ნიკოლაევი, ხარკოვი, სუმი და ახტირკაა ახლა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში. იბომბება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უმძიმესი ვითარებაა მარიუპოლში, სადაც ჰუმანიტარული კრიზისია. ვერ ხერხდება საევაკუაციო დერეფნის მოწყობაზე შეთანხმება და შესაბამისად, მოქალაქეების გაყვანა. თავდაცვითი პოზიციები ძლიერდება კიევში, რომელიც შეტევის და ალყაში მოქცევის მთავარ სამიზნედ რჩება. გაერო-ს მონაცემებით, საომარი მოქმედებების შედეგად 15 დღეში 474 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა წერს, რომ მე-15 დღეს რუსულმა ძალებმა შეტევის ტემპი შეამცირა. ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთისგან რუსეთზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს.