მარიუპოლის ბოლო წინააღმდეგობის ადგილზე კონტროლის დამყარება ვერ ხერხდება.
რუსეთის საოკუპაციო ძალების ინტენსიური შეტევების მიუხედავად, „აზოვსტალის“ აღება შეუსრულებელ ამოცანად რჩება. ალყაშემორტყმული „აზოვის“ მებრძოლები შეტევებს იგერიებენ და დაცვას ინარჩუნებენ. ახლა ყოველი საათი და წუთი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა იმ დაჭრილი მებრძოლებისთვის, რომლებიც ქარხნის თავშესაფრებში იმყოფებიან და ჰოსპიტლის ინფრასტრუქტურის განადგურების შემდეგ ვერანაირ სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ. მარიუპოლის მცველების და დაჭრილი სამხედროების ევაკუაცია უსაფრთხოების გარანტიების არ არსებობის გამო ვერ ხერხდება. მოსკოვი ჰუმანიტარული დერეფნის სანაცვლოდ იარაღის დაყრას და ჩაბარებას ითხოვს, ქარხანაში განლაგებული გარნიზონი კი მხოლოდ მესამე ქვეყნის ჩართულობით ევაკუაციის გეგმას განიხილავს. „აზოვსტალში“ მყოფი ასეულობით მებრძოლის ოჯახები დახმარებას თურქეთის პრეზიდენტს სთხოვენ. რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე მარიუპოლთან ერთად ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს მთელ დონბასში.