შტურმი არ წყდება – „აზოვსტალში“ გამაგრებული მებრძოლები არ ნებდებიან.
რუსი სამხედროები მარიუპოლის მეტალურგიულ ქარხანას ინტენსიურად ბომბავენ. ტანკსაწინააღმდეგო სისტემიდან დღეს იმ საევაკუაციო მანქანასაც ესროლეს, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა გამოეყვანა. არის მსხვერპლი. ავიაიერიშების ფონზე უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო ევაკუაცია შეფერხებულია, ქარხნის სარდაფებში, ასევე ნანგრევების ქვეშ ამ დრომდე რჩება ათეულობით ადამიანი. აზოვის მებრძოლების გასაყვანად ოფიციალური კიევი დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს. პარალელურად რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად ახალი სანქციები მზადდება. თუმცა, ევროკავშირის მეექვსე სასანქციო პაკეტის გარშემო კონსენსუსის მიღწევა ვერ ხერხდება. საომარი მოქმედებები ახალ ფაზაშია გადასული. ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ინტენსიური ავიაიერიშების სამიზნეა.