„აზოვსტალში“ მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია ვერც დღეს მოხერხდა.
ქარხანა,სადაც აზოვის მებრძოლებთან და მოქალაქეებთან ერთად დაჭრილი სამხედროებიც იმყოფებიან, პერიოდულად ავიაიერიშების სამიზნე ხდება. არის მსხვერპლი. გაერო-ს და „წითელის ჯვრის“ ჩართულობით შეთანხმებული საევაკუაციო გეგმა მხოლოდ ნაწილობრივ არის შესრულებული. „აზოვსტალში“ დარჩენილ პირთა გაყვანა დღეს დილიდან იგეგმებოდა, თუმცა პროცესი ამჯერადაც შეფერხდა. ქარხნის ტერიტორიაზე მყოფთა ნაწილი ნანგრევების ქვეშ არის, რომელთა ამოსაყვანად „აზოვის“ მებრძოლები ოპერაციის ჩატარებას ითხოვენ. მძიმე სურათია უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე სხვა ქალაქებშიც. ახლოვდება 9 მაისი, ამ თარიღთან დაკავშირებით კი საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთის მხრიდან გარკვეული მოლოდინები აქვთ. ერთ-ერთ სავარაუდო სცენარად ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში რეფერენდუმის ჩატარება და მათი სრული ანექსიის გეგმა განიხილება.