ომის მე-14 დღეს ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს.
სასანქციო პაკეტი ამოქმედდა ბელარუსის წინააღმდეგაც. სექტორული სანქციები არაერთ მიმართულებას მოიცავს. ევროკავშირის შეზღუდვები წესდება რუსეთში საზღვაო-სანავიგაციო ტექნიკის ექსპორტსა და კრიპტოაქტივებზე და ბელარუსის საბანკო სექტორზე. აკრძალული იქნება საზღვაო ნავიგაციის საქონლისა და ტექნოლოგიის გაყიდვა, მიწოდება, გადაცემა ან ექსპორტი რუსეთის ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე რუსეთში გამოსაყენებლად. სვიფტთან წვდომა აღარ ექნებათ ბელარუსის მსხვილ ფინანსურ კომპანიებს, იკრძალება რეზერვებისა და აქტივების მართვის ტრანზაქციები ბელარუსის ცენტრალურ ბანკთან. შეიზღუდება ფინანსური სახსრების ნაკადი ბელარუსიდან ევროკავშირში, ნებადართული აღარ იქნება 100 000 ევროზე მეტი ოდენობის დეპოზიტების მიღება ბელარუსის მოქალაქის ან რეზიდენტისგან. ევროკავშირის ცენტრალური უსაფრთხოების დეპოზიტერების მიერ ბელარუსი კლიენტებისთვის მნიშვნელოვნად შეიზღუდება წვდომა ანგარიშებზე.
ომის შესაჩერებლად უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას ითხოვს. დასავლეთის მიმართ მთავარი მოწოდება კი უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვაა. თუმცა, ნატო ომში მყოფი ქვეყნისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებისგან თავს იკავებს. ცეცხლის დროულად არ შეწყვეტის შემთხვევაში ოფიციალური კიევი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ მოქცეული ჩერნობილის ელექტროსადგურიდან რადიაციამ გაჟონოს. ელექტროსადგურს ელექტროენერგია არ მიეწოდება, რის გამოც გაგრილების სისტემების საცავის გაჩერების საფრთხე იზრდება. საომარი მოქმედებების ეპიცენტრშია ხარკოვი, სუმი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი. იბომბება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. შეტევის მთავარ სამიზნედ რჩება ქვეყნის დედაქალაქი. არაერთ ქალაქსა და დასახლებაში ჰუმანიტარული კრიზისია. გართულებულია ჰუმანიტარული დერეფნებით მოქალაქეების გაყვანის პროცესი. საევაკუაციო მარშრუტებზე პერმანენტულად ცეცხლი იხსნება.