რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ვითარება დაძაბულია უკრაინაში. რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული ბოლო თავდასხმა დაახლოებით ექვსი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დრონის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად, დაზიანდა სახლები, განათების ბოძები და ელექტროგადამცემი ხაზები. კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი პოპკო აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ყველა უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც რუსეთმა უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით გაუშვა. ამასთან, ხერსონის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი. დაზიანდა 5 მრავალსართულიანი და 14 კერძო სახლი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბიბლიოთეკა, ეკლესია და მაღაზიები. დნეპროპეტროვსკის ოლქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად კი დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. დაზიანდა ინფრასტრუქტურა. უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისკენ მოუწოდა.