რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა კიევზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგი იერიშის შედეგად. უკრაინის დედაქალაქის მთავრობის ცნობით, კიევის შევჩენკოს რაიონში ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევები ერთ-ერთი საწარმოს და არასაცხოვრებელი ნაგებობების ტერიტორიაზე ჩავარდა, დაიღუპა საწარმოს ორი თანამშრომელი. რაკეტის ნამსხვრევები ასევე მაღაზიის სახურავს დაეცა, დარნიცის რაიონში. უკრაინის ძალებმა გასული ღამის განმავლობაში რუსეთის მიერ გაშვებული 44 საჰაერო სამიზნიდან 43 გაანადგურეს. მათ შორის 28 ფრთოსანი რაკეტა და 15 უპილოტო საფრენი აპარატი. კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ასეთი მძლავრი თავდასხმა კიევს გაზაფხულის შემდეგ არ გადაუტანია, განადგურებულია 20-ზე მეტი დრონი და რაკეტა. რვა ფრთოსანი რაკეტა განადგურებულია ოდესის ოლქში, ზღვის თავზე.