უკრაინელებმა კონტრშეტევის ფარგლებში, დონეცკის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოდესის საზღვაო ქვეითებმა სოფელი სტოროჟევოე დაიბრუნეს. აღნიშნული დასახლებული პუნქტი ოკუპაციის ქვეშ 2022 წლის მარტიდან იმყოფებოდა.
პარალელურად კი მძიმე ბრძოლები გრძელდება ლიმანის, ბახმუტის, ავდიევკასა და მარინკას მიმართულებებით. გასული დღის განმავლობაში 25 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა ერთი სარაკეტო და 36 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.
გასულ ღამეს რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა განაცხადეს ტყვეების გაცვლის შესახებ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, უკრაინამ 95 ტყვე დაიბრუნა.