უკრაინაში ომი გრძელდება – ორი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაბომბვას. დაშავებულია ერთი პირი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტებმა „ეს 300“-ის სისტემის რაკეტები გამოიყენეს. დაზიანდა 33 კერძო სახლი, ერთი კი მთლიანად განადგურდა.
უკრაინის არმიის გენერალური შტაბის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ბახმუტის მიმართულებით, სადაც საოკუპაციო ძალები ცდილობენ, ქალაქზე სრული კონტროლი დაამყარონ. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს მარინკასა და ავდეევკას მიმართულებით.
უკრაინის არმიამ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის 40 შეტევა მოიგერია. ასევე, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა რუსი სამხედროების ცოცხალი ძალის, სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის კონცენტრაციის 11 უბანი, ელექტრონული ომის ხუთი სადგური, საბრძოლო მასალის საცავი და მტრის ოთხი საზენიტო სარაკეტო სისტემა დაბომბეს.