უკრაინაში მიმდინარე ომის 289-ე დღეს რუსეთმა მორიგი სარაკეტო დარტყმა განახორციელა ხარკოვის ოლქზე. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა და ხანძარი გაჩნდა. შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა. ამასთან ერთად, უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპანტებმა ცეცხლი ისევ გახსნეს სუმის ოლქის დასახლებების მიმართულებითაც. აღრიცხულია 55 ასეთი შემთხვევა.
რაც შეეხება დონბასში ფრონტის ხაზზე არსებულ მდგომარეობას, უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ ჯარისკაცები განაგრძობენ წინსვლას ლუგანსკის ოლქში. ოლქის გუბერნატორს იმედი აქვს, რომ 2023 წელს ლუგანსკის სრულად გათავისუფლებას შეძლებენ. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუშინ საღამოს 15-მდე აფეთქების ხმა გაისმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქის, ბერდიანსკის ავიაბაზაზე. მომხდარის დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.
თავის მორიგ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ რუსეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ტერორში. მისი თქმით, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე უამრავ მახეს და ნაღმს ტოვებს, რომ მოსახლეობას პრობლემები და შიშის ატმოსფერო შეუქმნან.