რუსეთის მორიგი პროვოკაციული განცხადება. ქვეყნის საგარეო უწყების მიერ, ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერია: „რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, რუსული მხარე გამოდის შეთავაზებით, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი მათი შემდგომი დემარკაციით. ამაში მოსკოვი აქტიურად უჭერს მხარს სოხუმსა და ცხინვალს“ – წერია განცხადებაში. მასში ასვე ნათქვამია: „აუცილებელია ერთი მხრიდან საქართველოს, მხოლოდ მეორე მხრიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერისთვის მუშაობაზე ფოკუსირება. აღნიშნული ამოცანის იმპერატიულობა იზრდება ნატო-ში თბილისის ჩათრევისკენ მიმართული დასავლეთის აქტიური ძალისხმევის ფონზე, რაზეც მეტყველებს უშუალოდ ქართულ ტერიტორიაზე რეგულარული სამხედრო წვრთნები.“– ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ამასთანავე, რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს: „კონფრონტაციული პოზიციის დაკავებითა და სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში, რომლებშიც არ მონაწილეობენ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ტენდენციური დოკუმენტების გატანით, ქართული მხარე თავად ბლოკავს ჟენევის პლატფორმაზე გარკვეული საკითხების განხილვას. საუბარია, უპირველეს ყოვლისა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ რეალობას მოწყვეტილ რეზოლუციაზე, რომელსაც თბილისი ყოველწლიურად წარადგენს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განსახილველად“, – ნათქვამია განცხადებაში.