რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წერილობით პასუხში შეერთებულმა შტატებმა ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას არ უპასუხა, რომელიც აღმოსავლეთით ნატო-ს არგაფართოებას ეხებოდა. სერგეი ლავროვის თქმით, უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე აშშ-ის წერილობითი პასუხის შინაარსი იძლევა მნიშვნელოვანი საუბრის საშუალებას, თუმცა მეორეხარისხოვან თემებზე. რუსეთის მიერ წარდგენილ უსაფრთხოების გარანტიების პროექტებზე გუშინ შეერთებულმა შტატებმა და ნატო-მ რუსულ მხარეს წერილობითი პასუხი გაუგზავნეს, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის არ გასაჯაროებულა. 2021 წლის ბოლოს, რუსეთმა გამოაქვეყნა შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან სტრატეგიული უსაფრთხოების გარანტიების პროექტები, რომლებიც ძირითადად აღმოსავლეთით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე უარის თქმას მოითხოვს.