„რუსეთის წინააღმდეგ ბრალდებების მიზანია ყველას დაავიწყდეს, რა გააკეთა დასავლეთმა მთელი რეგიონების ქაოსში ჩაძირვით, მაგრამ მსოფლიოში არავის ავიწყდება, რომ დასავლეთმა ჯინი ბოთლიდან გამოუშვა“ – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ყოველწლიური მიმართვის დროს განაცხადა. ვლადიმერ პუტინის თქმით, გასულ წელს, დასავლეთისგან რუსეთმა მიიღო პირდაპირი უარი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ყველა პოზიციაზე და ცხადი გახდა, რომ საფრთხე ყოველდღე იზრდებოდა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის რეჟიმი ემსახურება მესამე ქვეყნების ინტერესებს, რომლებიც მას საცდელ პოლიგონად იყენებენ. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რაც უფრო მეტ შორ მანძილზე მოქმედ სისტემებს მიაწვდიან უკრაინას, რუსეთი მეტად იმოქმედებს საზღვრებიდან საფრთხის გასანეიტრალებლად. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთს არ შეუწყვეტია პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობა.