საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან 13 წლის თავზე, რუსეთს საერთაშორისო საზოგადოებამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობა დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა.
კრემლის მხრიდან მომდინარე უწყვეტი პროვოკაციების ფონზე, რუსეთ -საქართველოს კონფლიქტის საკითხი გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე განიხილეს. უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები ერთობლივ განცხადებაში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ და რუსეთს მოუწოდებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო ძალები გაიყვანოს. მკაფიო საერთაშორისო გზავნილების მიუხედავად ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკა უცვლელია. რუსეთის პრეზიდენტმა გუშინ მხარი დაუჭირა ე.წ. შეთანხმების პროექტს ცხინვალის რეგიონთან, რომელიც ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას ითვალისწინებს.
გადაწყვეტილებას რუსეთის ანექსიური პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს ოფიციალური თბილისი. ქვეყნის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ოკუპანტი ქვეყნის მორიგ უკანონო ქმედებაზე საქართველოს პარტნიორების პოზიცია ერთიანია და დასავლური სამყარო ფაქტს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად აფასებს.