საქართველოს და უკრაინის გამო რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებას მოთხოვნას უყენებს.
გაუქმდეს ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ორივე ქვეყანა აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი, – ასეთია მოსკოვის ახალი გზავნილი, რასაც მსოფლიო ლიდერების მწვავე რეაქციები მოჰყვა. წერილობითი განცხადების შემდეგ ლავროვის მოადგილე პირდაპირ იმუქრება, რომ ნატოს გაფართოებას მძიმე შედეგები მოჰყვება. კრემლის მხრიდან მუქარის შემცველი ტონის გამკაცრებას თან ერთვის დაძაბული ვითარება უკრაინის საზღვართან, რუსეთიდან უკრაინაზე მორიგი თავდასხმის საფრთხე სულ უფრო იზრდება. ვაშინგტონიდან და ევროპის ქვეყნებიდან მოსკოვს უკვე უთხრეს, რომ ბუქარესტის 2008 წლის გადაწყვეტილება ძალაში რჩება. ამერიკის სახელმწიფო მდივნის და დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების გამაფრთხილებელი განცხადებების შემდეგ, მოსკოვის შესაკავებლად გასატარებელ ზომებზე ამჯერად ბრიუსელში მსჯელობენ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები თანხმდებიან, რომ რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს.
დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ორ დღეში ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერს შეხვდება.