საქართველოს იუსტიციის სამინისტრო რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის თანახმადაც, რუსეთმა გამონახა გზა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული 10 მილიონი ევრო საქართველოს არ გადაუხადოს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნა და „დეპორტირებულების საქმეზე“ ხელახალი დებატები უახლოეს სხდომაზე, 2020 წლის მარტში ჩაინიშნა.
რაც შეეხება რუსული მედიით გავრცელებულ ცნობებს, ასეთია – რუსეთის ხელისუფლებამ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულების დროს „სერიოზული პრობლემები“ შეექმნათ.
რუსული მხარის ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაავალდებულა საქართველოს ხელისუფლება, შეადგინოს დაზარალებულთა საბოლოო სია. დააზუსტოს, თუ ვინ რომელი დარღვევის შედეგად დაზარალდა და რა სახის კომპენსაცია ეკუთვნის. ეს კი, მათი განცხადებით, საერთო სიიდან, რომელშიც 1797 მსხვერპლია, სულ მცირე 290 მოქალაქის გამორიცხვას გულისხმობს, რომლებიც, მათი მტკიცებით, არ შეიძლება იყვნენ აღიარებული დაზარალებულად.