რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე

სანქციების გზით რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა გრძელდება.

ევროპაში უმსხვილესი ბრიტანული კომპანია რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარს ამბობს. ნავთობზე ეტაპობრივი ემბარგოს გადაწყვეტილებას იღებს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაც. ახალ სასანქციო პაკეტს ამზადებს აშშ. ამერიკა რუსული ნავთობის გარდა ემბარგოს აწესებს ბუნებრივი აირის და ქვანახშირის იმპორტზეც. ევროპის ქვეყნებს შორის კი ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. ევროკავშირი ნავთობის 30%-ს და გაზის 40%-ს სწორედ რუსეთიდან იღებს. გავრცელებული ცნობით, ემბარგოს წინააღმდეგები არიან გერმანია და ნიდერლანდები, რომლებიც ენერგეტიკული სანქციების გარშემო დისკუსიების დროს ყველა რისკის გათვალისწინების აუცილებლობაზე საუბრობენ. რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება მძიმედ აისახება რუსულ ეკონომიკაზეც. ემბარგოს შემთხვევაში მოსკოვი ევროპას კატასტროფული შედეგებით ემუქრება. გამაფრთხილებელ და მუქარის შემცველ გზავნილებს რუსეთის ვიცე-პრემიერი ახმოვანებს.