რუმინეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი დააკავეს

15:15, 21.09.2026

რუმინეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, კალინ ჯორჯესკუ დააკავეს, ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის გამოძიების სამმართველოს პროკურორების მოთხოვნის საფუძველზე. მედიის ცნობით, ჯორჯესკუ საკუთარ სახლში აიყვანეს, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობს.

გამოძიება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნასა და თაღლითობას ეხება, რომლის შედეგად მიყენებული ზარალი 1.1 მილიონ ევროს აღემატება. ამ საქმეზე ჩხრეკა, საერთო ჯამში, ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. პროკურორების ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი 2021 წლის სექტემბერში შეიქმნა. მასში სამი ადამიანი იყო, ორი რუმინეთისა და ერთი იტალიის მოქალაქე. გამოძიების თანახმად, ერთ-ერთ დაზარალებულს 6 მილიონი ევროს ოდენობის საბანკო დაფინანსებას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდაც მან ჯამში 1.1 მილიონ ევროზე მეტი გადარიცხა.

ცნობისთვის, კალინ ჯორჯესკუმ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა, 6 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა, რის შემდეგაც ჯორჯესკუს განმეორებით არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა. გადაწყვეტილება უცხოური ჩარევისა და მისი საარჩევნო კამპანიის დარღვევების შესახებ გასაჯაროებულ დოკუმენტებს მოჰყვა.

მსგავსი