მედიის ინფორმაციით, ტირანაში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების დროს 35 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები და პოლიციელები
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების დროს 35 ადამიანი დაშავდა. მედიის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტები და პოლიციელები.
ამასთან, ქვეყნის ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, აქციაზე 16 მომიტინგე დააკავეს.
პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია ტირანაში ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების 114-ე წლისთავზე გაიმართა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ქვებს ესროდნენ და ხის ჯოხებით ცდილობდნენ სამთავრობო შენობებზე ქუჩის კამერებისა და ფანჯრების ჩამსხვრევას, რა დროსაც პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ამასთან, დემონსტრანტებმა პოლიციელების მისამართით პიროტექნიკაც გამოიყენეს.
ალბანეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მაისის ბოლოდან იმართება. დემონსტრაციები გარემოს დაცვის მოთხოვნით თავდაპირველად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ერთ-ერთ დაცულ ტერიტორიაზე აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი მრავალმილიარდიანი კურორტის მშენებლობას გეგმავენ. პროტესტი ცნობილია როგორც „ფლამინგოს მოძრაობა“. პროტესტი თანდათან პოლიტიკურ აქციებში გადაიზარდა და ალბანეთის ქუჩებში გამოსული მოქალაქეები მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.