სტრასბურგსა და ლიონში გამართულ აქციებზე სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]
საფრანგეთის ქალაქებში მორიგი საპროტესტო აქციები გაიმართა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების ფასის ზრდისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებში 44 500 ადამიანი მონაწილეობდა.
სტრასბურგში სპეცრაზმსა და ანტისამთავრობო მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს.
ამასთან, დემონსტრანტებმა ქალაქის ქუჩებში ლითონის ბარიკადები აღმართეს და ავტობუსის გაჩერების მინები დაამსხვრიეს.
როგორც ცნობილია, სტრასბურგში შემდეგი დემონსტრაცია პირველ დეკემბერს არის დაგეგმილი. პროფკავშირები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაფიცვას გეგმავენ.
დაპირისპირება მოხდა ლიონშიც, სადაც აქტივისტებმა პოლიციის მიმართულებით ფოიერვერკები გაისროლეს. ქალაქში შეკრებილი აქტივისტები ფასების ზრდასა და ქალთა მიმართ ძალადობას აპროტესტებდნენ.
პარიზში გამართულ დემონსტრაციაში კი, სულ დაახლოებით 12 500 ადამიანი მონაწილეობდა. ქალაქში შეკრებილი აქტივისტების ნაწილს თან პალესტინის დროშებიც ჰქონდათ.