ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საქართველო ე. წ. მწვანე ქვეყნების სიაშია შეყვანილი, ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ეხმაურება. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოს უმთავრესი ამოცანაა, შეინარჩუნოს ქვეყანაში პანდემიის გავრცელების არსებული სურათი, რათა პირველ რიგში დაიცვას საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა და შეინარჩუნოს ქვეყნის პოზიტიური იმიჯი. მინისტრის ინფორმაციით, ქართული მხარე აქტიურად განაგრძობს ევროკავშირთან და წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციებს საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, საქართველო აქტიურად მუშაობს იმ რეგულაციებსა და პროცედურებზე, რომელთა დაცვაც ტურისტებისთვის სავალდებულო იქნება.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე დღეიდან შესვლა შეეძლებათ. მათ რიგებში საქართველოც არის.