როგორ ცდილობენ ზოოპარკის გორილები წვიმისგან შეფარებას [ვიდეო]

სამხრეთ კალიფორნიაში, რივერბენკსის ზოოპარკში, დამთვალიერებლები გორილების უცნაური საქციელის მომსწრე გახდნენ — მაიმუნები ზუსტად ისე ცდილობენ წვიმისგან თავის არიდებას, როგორც ადამიანები.

ვიდეოს პირველ ნაწილში ჩანს, როგორ უცდიან შენობის კუთხეში შეფარებული გორილები წვიმის გადაღებას. ერთ-ერთი დედა მაიმუნი, რომელსაც ხელში შვილი უჭირავს, გარეთ იხედება და ამინდსაც ამოწმებს.

ცოტა ხნის შემდეგ, დასავლეთ დაბლობის გორილა, სახელად აკაცია, ნელ-ნელა, კედელზე აკრული შედის შენობაში, რათა არ დასველდეს. რამდენიმე წამის შემდეგ, მას სხვა გორილებიც იმავე გზით მიჰყვნენ უკან.

ზოოპარკის მიერ „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ პოსტში წერია, რომ ზოგადად, გორილებს წვიმაში დასველება არ უყვართ. მას შემდეგ, რაც მომვლელებმა შენიშნეს, რომ გორილების ოჯახი წვიმას კუთხეში ეფარებოდა, ზარი დარეკეს, რომელიც მათ შენობაში უხმობდა.