29 აპრილს დაანონსებული შეკრების გამო ოპოზიციურ ფლანგზე ვნებათაღელვა მძაფრდება.
ახლა მთავარი კითხვაა, დაიგეგმება თუ არა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია ორშაბათს, როცა ხელისუფლებამ საკუთარ მხარდამჭერებს პარლამენტის წინ შეკრებისკენ მოუწოდა. მმართველი გუნდის ლიდერები ცალკეულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ვითარების ხელოვნურად დაძაბვის მცდელობაში ადანაშაულებენ. ამ კონტექსტში ფასდება გიორგი ვაშაძის მოწოდება. ჯერ უცნობია, რა სტრატეგიით იმოქმედებს 29 აპრილს ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქციას „რუსულ მარშად“ და „იძულებით მიყვანილი მოქალაქეების შეკრებად“ აცხადებს. უკვე ცნობილია არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმა. ათეულობით ორგანიზაცია საპროტესტო გამოსვლას 28 აპრილს რესპუბლიკის მოედანზე აპირებს. ერთობლივი განცხადებიდან ირკვევა, რომ სადავო პროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში 126 საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაცია მმართველ გუნდთან ყველა სახის თანამშრომლობას შეწყვეტს.
იქნება თუ არა 29 აპრილს ორი აქცია, – თათია ტაბეშაძე დეტალებით.