როდის დაიწყება საქართველოს და ამერიკას შორის უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ავიარეისები – ეს იყო ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც დღეს აშშ-ის ელჩს პარლამენტში დაუსვეს.
რობინ დანიგანს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. მმართველი გუნდი პირდაპირ ფრენებზე და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ამერიკიდან საპასუხო ნაბიჯებს ელოდება. ორივე მიმართულებით ხელისუფლების პასიურობაზე მიუთითებს ოპოზიცია. კითხვები დაისვა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერის ვადებზეც. ვაშინგტონს თბილისთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება სურს – ასეთია ელჩის მთავარი გზავნილი. დიპლომატიური მისიის ახალმა ხელმძღვანელმა საქართველოს ევროინტეგრაციის და ევროკომისიის ცხრაპუნქტიანი დავალების შესრულების პროცესში მკაფიო მხარდაჭერა ამჯერად საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოუცხადა. განსაკუთრებული აქცენტი ინვესტიციების და ვაჭრობის გააქტიურებაზე გაკეთდა. გამოსვლის ნაწილი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს შეეხო, მითუმეტეს მოახლოებული არჩევნების წინ.