ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ ცვლილებები შედის იმ რეზოლუციის პროექტში, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.
პირველად ტექსტში ზოგადი მოწოდება იყო, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ევროინტეგრაციის მიმართულებით მუშაობა გაეაქტიურებინა, თუმცა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დაჩქარებული წესით მისაღებად თბილისიდან ევროპარლამენტში განაცხადი გაიგზავნა, დოკუმენტის კორექტირება გახდა საჭირო. არ არის გამორიცხული, რომ ტექსტი პოლიტიკური დაპირისპირების საგანი გახდეს. ოპოზიციას რამდენიმე შენიშვნა აქვს, სწორედ მათ გაზიარებაზეა დამოკიდებული, ექნება თუ არა რეზოლუციის პროექტის ახალ ვერსიას ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა.