ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცედურის დასაჩქარებლად საქართველოს პარლამენტი რეზოლუციის მისაღებად ემზადება.
„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ პროექტს ევროინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც ცალკეული შენიშვნების მიუხედავად, დოკუმენტს ხმა მისცეს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც. 13-პუნქტიანი პროექტის ავტორები აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დასაჩქარებლად ყველა საჭირო ნაბიჯი დროულად გადადგან და ძალისხმევა გაააქტიურონ. მიმართვის ადრესატები არიან ევროკავშირის სტრუქტურებიც. რეზოლუციის პროექტი დასამტკიცებლად პლენარულ სხდომაზე მომავალ კვირას გავა.