ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დასაჩქარებლად მომზადებული რეზოლუცია მიღებულია.
111 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – ამ შედეგით დასრულდა ცოტა ხნის წინ კენჭისყრა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ პროექტს ოპოზიციამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. თუმცა, ოპონენტებს დოკუმენტის მიმართ რამდენიმე შენიშვნა მაინც აქვთ. ოპოზიცია რეზოლუციაში იმ გეგმების და რეფორმების დღის წესრიგის ასახვას ითხოვდა, რომლებმაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსამდე უნდა მიიყვანოს. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობა ოპონენტებს ახსენებს, რომ ასოცირების ხელშეკრულებაში ყველა ვალდებულება და გასატარებელი რეფორმა დეტალურად არის გაწერილი. რეზოლუციის პროექტი მმართველმა პარტიამ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების განაცხადის წარდგენამდე მოამზადა, განაცხადის გაგზავნის შემდეგ კი მასში კორექტივები შეიტანა. რეზოლუციის მთავარი მოწოდებაა, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად ძალისხმევა გაააქტიუროს.