ევროპარლამენტმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამა არ ითვალისწინებს ევროკავშირის წევრობის მინიჭებას, თუმცა, მას შეუძლია დააჩქაროს ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაციის პროცესი. ევროპარლამენტის წევრები მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, ინდივიდუალური მიდგომის ფარგლებში, სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შესთავაზონ თანამშრომლობის გაფართოებული სტრატეგია.
ევროპარლამენტის სურვილია, ევროკავშირმა დაიწყოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნის პროცესი, რომელსაც შედეგად მოჰყვება ინტეგრაცია „ოთხი თავისუფლებით“ – საქონლის, კაპიტალის, მომსახურებისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილებით. საუბარია ფინანსურ დახმარებაზეც, რომელსაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნები კონკრეტული საჭიროებების მიხედვით მიიღებენ. რეზოლუციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და პრემიერის მრჩეველი გამოეხმაურნენ.