კვლავ უცნობია, ხელისუფლება და ოპოზიცია, ევროკომისიის ცხრა დავალების შესასრულებლად, მოახერხებს თუ არა ერთობლივ მუშაობას. მმართველი გუნდის ოპონენტების ნაწილი ერთობლივ მუშაობაზე მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა, აცხადებს, რომ პოლიტიკური ნება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ცხრა რეკომენდაციას შეასრულებს, არ არის. ხელისუფლებაში კი მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის ნაწილი სამუშაო პროცესში არც ამჯერად არ ჩაერთვება და, შესაძლოა, საბოტაჟსაც ჰქონდეს ადგილი. ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი ცხრა ახალი მოთხოვნის შესრულების საფუძველზე, ქვეყანა წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ეტაპზე უნდა გადავიდეს.