სახელმწიფო ინვიტრო კლინიკების კონტროლს იწყებს. ამ სერვისის მიმწოდებლები დღემდე ყოველგვარი რეგულაციების გარეშე ფუნქციონირებდნენ და ეს მაშინ, როდესაც ხელოვნურ განაყოფიერებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. ჯანდაცვის მინისტრმა ინვიტრო კლინიკების რეგულირების აუცილებლობაზე ჯერ კიდევ აპრილში ისაუბრა და განაცხადა, რომ სფეროში გამოწვევები იყო, რაც პაციენტებს უფლებებს არღვევდა. დადგენილება, რომელიც უკვე გამოქვეყნდა ძალაში სექტემბრიდან შევა. დოკუმენტი ინვიტრო კლინიკების ლიცენზირებას და შემოწმებას ითვალისწინებს, ასევე ადგენს იმ სტანდარტებს, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდნენ. გადაწყვეტილება უკვე შეაფასეს სფეროს წარმომადგენლებმაც, რომელთა ნაწილიც რეგულაციებს ზედმეტად მკაცრად მიიჩნევს.