ენგურის ხიდზე აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები და მშვიდობიანი მოსახლეობა კიდევ ერთხელ გაიხსენეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ წუთიერი დუმილით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით ფოთში, დევნილთა დასახლებაში, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს მთავრობის წევრებმა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს აფხაზეთში განვითარებული მოვლენები და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
დღესვე, საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.
25 წლის წინ სოხუმში განვითარებული მოვლენები გაიხსენეს ბათუმშიც. გმირთა ხეივანში აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს ჟიული შარტავას მონუმენტი. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახებს ბათუმის მერია ერთჯერად დახმარებას გაუწევს.