სალომე ზურაბიშვილის მოწოდება დიდი ალბათობით მოწოდებად დარჩება.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებიდან რამდენიმე საათში გამოცხადებული ინიციატივა გაუგებარია ოპოზიციისთვისაც, რომელიც, წინა წლებისგან განსხვავებით, პრეზიდენტის ბოლოდროინდელ ქმედებებსა თუ ინიციატივებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. სახელმწიფოს მეთაურის პოზიციით, ქვეყნის დასავლური კურსის დეკლარირებას რეფერენდუმი სჭირდება. სახელმწიფოს მეთაურს კონსტიტუციის იმ მუხლზე მიუთითეს, რომელშიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი და ევრო-ატლანტიკური კურსი მკაფიოდ განსაზღვრულია. ფაქტია, რომ, „ქართული ქარტიისგან“ განსხვავებით, რეფერენდუმის ჩასატარებლად ხელმოწერების შეგროვებაზე პრეზიდენტის მოწოდებას თანხმობის ნაცვლად კითხვები და რეფერენდუმის პროცედურების შეხსენება მოჰყვა. მათ შორის ისიც, რომ რეფერენდუმს პრემიერის თანახელმოწერაც სჭირდება. ახალი გზავნილები სალომე ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვის სახით გაავრცელა. ოპოზიციონერი აქტორების მოწოდების მიუხედავად, პრეზიდენტმა საპროტესტო აქციაზე მისვლას სხვა ფორმა არჩია.