დილემის წინაშე დგას პოლონეთი. განაგრძოს თუ არა პოლონეთმა ევროკავშირის მექანიზმებით არალეგალური მიგრაციისა და თავშესაფრის მაძიებელთა მიღება და შეინარჩუნოს თუ დაანგრიოს ბელარუსის საზღვარზე არსებული გამყოფი ღობე – ორივე საკითხის გადაწყვეტას ოფიციალური ვარშავა რეფერენდუმის გზით შეეცდება. შესაბამის კითხვებზე პასუხების გაცემა მოქალაქეებს 15 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების პარალელურად მოუწევთ. პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე გამწვავებული სიტუაციის გათვალისწინებით ხელისუფლება ორივე საკითხს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ქვეყანამ რეფერენდუმის გასამართად კანონიც კი შეცვალა, თუმცა გადაწყვეტილებამ შიდა პოლიტიკური მღელვარება გაზარდა. ოპოზიცია რეფერენდუმს ეწინააღმდეგება.