თბილისის მერმა რეაბილიტირებული 89-ე საბავშვო ბაღი დაათვალიერა. ბაგა-ბაღის შენობა რეაბილიტაციამდე მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობის გარკვეული ნაწილის დემონტაჟი, აშენდა ახალი ფლიგელი, ხოლო 12-ჯგუფიან ბაღს კიდევ ოთხი სააღმზრდელო ჯგუფი დაემატა. ამჟამად ბაღში 460 ბავშვია რეგისტრირებული. ბაღს აქვს დიდი, გამწვანებული ეზო, სადაც მოწყობილია სათამაშო მოედნები და საბავშვო ატრაქციონები, შენობა კი აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით – დამონტაჟებულია ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები.